ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება შემცირდა

2019 წლის მარტის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 162.7 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი. მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 59.5 მლნ ლარით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 222.2 მლნ ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 27.9 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 68 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, მარტში 9.1 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 10.7 მლნ ლარი იყო.

თაია არდოტელი