ბევრი ახალგაზრდა ელოდება მყისიერ დაწინაურებას.
Gen Z-ს თანამშრომელთა მიერ ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა თანამშრობლები სამსახურის დაწყებიდან პირველივე წელს დაწინაურებას ელიან და ბევრი ფიქრობს, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში დააწინაურებენ.
სინამდვილეში, დაწინაურებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და როგორც წესი, არ არსებობს ახალი თანამდებობის მოპოვების პირდაპირი გზა.
დასაქმებისა და ვაკანსიების თაობაზე საკონსულტაციო კომპანიის Ladders-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ სენედელამ ჩამოაყალიბა რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომლებიც დასაქმებულ ადამიანებს დაწინაურებაში უშლის ხელს და შემოგვთავაზა პრაქტიკული გზები, რომლებიც სასურველი პოზიციის დაკავებაში დაგეხმარებათ.
„საბოლოო ჯამში, თქვენი კარიერა თქვენს ხელშია,“ სენედელამ განაცხადა Business Insider-თან საუბრისას.
არსებობს ხუთი მიზეზი, რომლებიც ადამიანებს დაწინაურებაში უშლის ხელს და ხუთი ნაბიჯი, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ეხმარება.
პრობლემა: თქვენ სხვებს ადანაშაულებთ იმაში, რომ კარიერული წინსვლა არ გაქვთ.
სენედალას თანახმად, უპირველესი მიზეზი, რომელიც ადამიანებს კარიერულ წინსვლასა და დაწინაურებაში უშლის ხელს, არის უარის თქმა პირად პასუხისმგებლობაზე. სხვისი დადანაშაულება საკუთარ წარუმატებლობაში გაცილებით მარტივია, ვიდრე საკუთარი ბრალის აღიარება.
გამოსავალი: პასუხისმგებლობის აღება.
სენედელამ განაცხადა, რომ გამოსავალი არის საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სენედელა აღიარებს, ქცევის შეცვლისკენ მითითება უფრო ადვილია, ვიდრე ამის პრაქტიკულად განხორციელება. ამგვარი განწყობის შეცვლა უდიდეს გავლენას იქონიებს თქვენი კარიერული შესაძლებლობის გაფართოებაზე.
„თქვენ უნდა შეძლოთ საკუთარი თავის მართვა და შეწყვიტოთ საკუთარ წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულება, როდესაც უკვე სპეციალისტი და ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით, რომელიც მომავლისკენ იყურება,“ განაცხადა მან.
პრობლემა: არ მიმართავთ თქვენ ხელმძღვანელს კითხვით, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ არ გაწინაურებენ. სენედელის განცხადებით, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შემდეგ, კარიერული წინსვლის შემაფერხებელ, რიგით მეორე, ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის არასაკმარისი კომუნიკაცია. როდესაც სენედელამ უკმაყოფილო თანამშრომლებს დაუსვა კითხვა იმის შესახებ, თუ რა მიზეზით არ აწინაურებენ მათ ხელმძღვანელები, აღმოჩნდა, რომ 80%-დან 90%-მდე მუშაკს არასდროს უსაუბრია ამის თაობაზე საკუთარ ხელმძღვანელთან.
„თანამშრომლები ხელმძღვანელთან საუბარს ხშირად გაურბიან, რადგან ეს ურთიერთობა გარკვეულ დაძაბულობასა და ნერვიულობასთან ასოცირდება,“ - განაცხადა სენედელამ.
თუმცა, ხელმძღვანელების უმეტესობას ურჩევნია თანამშრომლებმა უფრო ხშირად მიმართონ მათ კითხვებით, რაც დაეხმარება მათ იმის გარკვევაში, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მუშაობის გასაუმჯობესებლად.
გამოსავალი: დაამყარეთ თქვენს ხელმძღვანელთან კომუნიკაცია, გაესაუბრეთ მას პირისპირ, სულ მცირე, კვირაში ერთხელ.
ხელმძღვანელთან კომუნიკაციის ნაკლებობის მოგვარების საუკეთესო პრაქტიკულ საშუალებას წარმოადგენს მასთან პირისპირ გასაუბრება, სულ მცირე კვირაში ერთხელ. მარტივი არ არის სთხოვოთ ხელმძღვანელს მოწყდეს საკუთარ სამუშაოს და თქვენს კარიერაზე გაგესაუბროთ, მაგრამ თუ თქვენ მას რეგულარულად ხვდებით, თქვენს კარიერაზე საუბარი შესაძლებელია სრულიად ბუნებრივად წამოიჭრას.
სენედელა გვირჩევს, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ ხელმძღვანელთან ამგვარ ურთიერთობას დაამყარებთ, შეგიძლიათ ჰკითხოთ მას მისი აზრით თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს რომელი მხარე საჭიროებს გაუმჯობესებას. თქვენ შეგიძლიათ თქვენს ხელმძღვანელს პირდაპირ განუცხადოთ, რომ გსურთ დაწინაურება, მაგალითად, ერთ წელიწადში და ჰკითხოთ მას, თუ რა არის საჭირო ამისთვის.
პრობლემა: კომპანიის კულტურას სათანადოდ ვერ აღიქვამთ.
თუ კლიენტებთან შეხვედრისას მაისურით გამოცხადდებით, დიდი ალბათობით, თქვენ დაწინაურებაში ხელს გიშლით ის, რომ კომპანიის კულტურას სათანადოდ ვერ აღიქვამთ.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ჩაცმულობას შესაძლოა არანაირი გავლენა არ ჰქონდეს თქვენს კარიერულ წინსვლაზე, თუ ისეთ კომპანიაში მუშაობთ, რომელსაც საქმე ტექნოლოგიებთან აქვს, ზოგიერთი კომპანია იმ პირებს, რომლებიც სათანადოდ შემოსილი და სხვებზე ადრე ცხადდებიან სამუშაოზე, სამსახურეობრივი დაწინაურების უფრო რეალურ კანდიდატებად განიხილავენ, განაცხადა მარკ სენედელამ.
გამოსავალი: გაიგე მეტი იმის თაობაზე, თუ რას აფასებს კომპანია და შეეცადე გახდე კომპანიის კულტურის ნაწილი.
ადრე მოსვლისა თუ ფორმალური სამოსის ტარების გარდა, სამსახურში თქვენი დაწინაურების შანსები გაიზრდება, თუ კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობებს ააწყობთ და მის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაერთვებით, განაცხადა ერიკა კესვინმა, დასაქმების საკითხებზე მრჩეველმა Business Insider-თან ინტერვიუში.
დასაწყისისთვის, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ დასაქმებულ ქალთა ან უმცირესობათა რესურს ჯგუფში, რომ უფრო მეტად ჩაერთოთ საქმიანობაში, უკეთ გაეცნოთ კომპანიის საქმიანობას და გაიცნოთ მეტი თანამშრომელი. კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებაში შენივე წვლილის შეტანა დაგეხმარება რომ „გააფართოვო შენივე გავლენა ამავე ორგანიზაციაში“, რაც უპირველესად გაზრდის თქვენი დაწინაურების შანსებს“, განაცხადა კესვინმა.
პრობლემა: თქვენი მიზნები და სურვილები არ ემთხვევა კომპანიის მიზნებსა და სურვილებს.
შემდეგი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ იღებენ კომპანიაში დასაქმებული პირები დაწინაურებას, არის ის, რომ მათი ინტერესები განსხვავდება კომპანიის ინტერესებისაგან, განაცხადა მარკ სენედელამ Business Insider-თან ინტერვიუში. მაგალითად, თუ თქვენ ჰკითხავთ თქვენს ხელმძღვანელს რა სურს მას, და ის გიპასუხებთ, რომ მას ურჩევნია თქვენ დაკავდეთ საგადასახადო ბლანკების შევსებით, მაშინ როცა თქვენი მოწოდება შემოქმედებით პროექტზე მუშაობაა, ეს პრაქტიკულად იქნება პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ იღებთ დაწინაურებას.
„ამის შემდეგ, თქვენ აანალიზებთ, რომ არსებობს სხვაობა თქვენ საკუთარ ინტერესებსა და სურვილებსა და კომპანიის ინტერესებსა და სურვილებს შორის,“ თქვა მან.
გამოსავალი: უნდა დაიწყოთ სხვა სამსახურის ძიება.
თუ თქვენ ვერ იღებთ სიამოვნებას მუშაობის პროცესში, ეს ნიშნავს, რომ დროა ახალი სამსახურის ძებნას შეუდგეთ. მარკ სენედელა მიიჩნევს, რომ სამსახურის შეცვლა არ წარმოადგენს დაბრკოლებას და არც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცუდი თანამშრომელი ხართ; ფაქტობრივად, სამსახურის შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება რაციონალური გადაწყვეტილებაა და ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტის მიღწევა გსურთ კარიერაში.
პრობლემა: არ გაქვთ საკმარისი კვალიფიკაცია
თუ მაღალ თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს აქვთ მაგისტრის დიპლომი ან ფლობენ უნიკალურ კოდურ ენას, ანუ გააჩნიათ ის მახასიათებლები, რომლებიც თქვენს რეზიუმეში არ ფიგურირებს, ამანაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ დაწინაურებაში.
სენედელას მოსაზრებით, მაშინ როცა სხვადასხვა სფეროებსა და სხვადასხვა თანამდებობებზე სერტიფიცირებასა და დიპლომებთან დაკავშირებული განსხვავებული მოთხოვნები არსებობს, სერტიფიკატმა ან ხარისხმა შესაძლოა გზა გაგიკვალოთ წარმატებული კარიერისკენ.
გამოსავალი: აიმაღლეთ კვალიფიკაცია და მიიღეთ შემდგომი განათლება.
სენედელას აზრით, სამუშაო ადგილის დატოვება და სწავლის გაგრძელება შეიძლება უდიდეს ფასად დაგიჯდეთ და ამასთან, არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. მანამ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენი საქმიანობის სფეროში ლიდერებთან სოციალიზაცია და კავშირის დამყარება დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, გჭირდებათ თუ არა უფრო მაღალი კვალიფიკაცია.
მოამზადა: მეგი სუხაშვილი, მარიამ მაჭარაშვილი