კარამელი მორიელით, კიბო ფარშით - 13 უცნაური ნივთი, რომელთა ყიდვაც აშშ-ს აეროპორტებშია შესაძლებელი

თვითმფრინავით მგზავრობა, შესაძლოა, მოსაწყენი, გამაღიზიანებელი ან აღმაშფოთებელიც კი აღმოჩნდეს.

ერთი საკონტროლო პუნქტიდან მეორეში გადასვლა, დაუსრულებელ რიგებში ლოდინი და გვერდით მჯდომი, რომელსაც ხველის შეტევა აქვს, არ არის ის, რასაც შეიძლება ვინმე აღტაცებით ელოდეს.

საბედნიეროდ, წლების განმავლობაში აეროპორტებმა მგზავრების კომფორტზე ზრუნვა დაიწყეს. შედეგად, აეროპორტებმა მგზავრებისთვის უფრო მეტი თავშესაქცევის შეთავაზება დაიწყეს, შოპინგის, სადილის და გართობის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით, მრავალი უცნაური ნივთია, რომელთა ნახვაც აშშ-ს აეროპორტების მაღაზიებში შეგიძლიათ, დრონითა და ცხენის გაცვეთილი ნალით დაწყებული, ტყავის ჩანთაში მოთავსებული 1 500 დოლარის ღირებულების ლორით დამთავრებული.

ქვევით მოცემულია იმ 13 უცნაური ნივთის ჩამონათვალი, რომელთა ყიდვაც აშშ-ს აეროპორტების მაღაზიებშია შესაძლებელი:

1. ჯოხზე წამოცმული კარამელი, შიგ მოთავსებული მორიელით

რბილად რომ ვთქვათ, სხვა ტკბილეულისგან განსხვავებით ეს კარამელი მართლაც უჩვეულოა. ფენიქსის საერთაშორისო აეროპორტში იყიდება კარამელი, რომლის ცენტრშიც ნამდვილი მორიელია მოთავსებული და რომელსაც „მორიელის საწუწნი კანფეტი“ შეარქვეს. ეს უჩვეულო კანფეტები პოპულარული სუვენირი ან სახუმარო საჩუქარია არიზონაში, მათი უნიკალური და ოდნავ შემზარავი შეხედულების გამო. ბიზნეს სიახლეების ჯგუფის - CNBC-ს 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, მორიელიანი კარამელი ფენიქსის აეროპორტის ყველაზე გაყიდვად ნივთებს შორის მოხვდა.

2. ცხენის გაცვეთილი ნალი

ლუისვილი, კენტუკის შტატი ცნობილია ყოველწლიური ცხენების რბოლის - Kentucky Derby-ს სამშობლოდ, რომელიც 1875 წლიდან ტარდება. გასაკვირი არ არის, რომ ქალაქში ჩამოსულთათვის ყველაზე პოპულარული სუვენირი დერბისთანაა დაკავშირებული.

Stuck at the Airport-ის ბლოგერი, ჰარიეტ ბასკასმა წერს, რომ როგორც ლუისვილის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ მას უთხრა, აეროპორტში არსებული Churchill Downs-ის მაღაზიის სტუმრობისას, ცხენის გაცვეთილი ნალები, რომელთაც იპოდრომის ტალახი უსვია, ტურისტებისთვის საყვარელ სუვენირს წარმოადგენს.

3. ვაქცინა და იმუნიზაცია

უამრავ აეროპორტს აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრები და სხვა სამედიცინო მომსახურება. მაგრამ იცოდით, რომ ზოგი აეროპორტი მგზავრებს ექიმის სრულ მომსახურებას, მათ შორის აცრასაც სთავაზობს?

მაგალითად, SFO-ს სამედიცინო კლინიკა მგზავრებს მოგზაურობასთან დაკავშირებულ და პროფესიულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ამასთან, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ემიგრანტთა სპეციალური სამედიცინო მომსახურების ცენტრების გარდა, კლინიკას ასევე აქვს სამგზავრო ვაქცინაციის სერტიფიცირებული ცენტრი, რომელიც მგზავრებს იმ იმუნიზაციით უზრუნველყოფას სთავაზობს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები გვირჩევენ.

ხელმისაწვდომი იმუნიზაცია A და B ჰეპატიტის, გრიპის, იაპონური ენცეფალიტის, ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციებს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლინიკაში ვერ ისარგებლებთ კერძო დაზღვევით, შეგიძლიათ ვაქცინაციის საფასური გადაიხადოთ ნებისმიერი ტიპის საკრედიტო ბარათით ან ჩეკით, რა შემთხვევაშიც კლინიკა უზრუნველყოფს დეტალური ანგარიშის შედგენას, რომელიც შესაძლებელია წარადგინოთ შესაბამის უწყებაში, რომელიც ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

4. ძველებური ღილაკიანი ტელეფონი

თუ მობილური ტელეფონის შემხედვარეს ერთხელ მაინც მოგაწვათ ნოსტალგია და ძველებური ტელეფონები გაგახსენდათ, გაგიმართლათ, რადგანაც აშშ-ს ზოგიერთ აეროპორტში არსებული უცნაური ნივთების მაღაზიები სრულად ფუნქციონირებად, სახლის ძველმოდურ ტელეფონებს გთავაზობთ.

მინეაპოლისის საერთაშორისო აეროპორტსა და დეტროიტის აეროპორტში მდებარე საცალო მაღაზიათა ქსელში Frivolous, სხვა არასაჭირო სუვენირებსა და საჩუქრებთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ ღილაკიანი ტელეფონი.

5. დრონები

მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის სიახლოვეს დრონების გამოყენება არ არის რეკომენდებული, დრონების შეძენა შეგიძლიათ რიგი აეროპორტების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში.

სხვა ჩვეულებრივ ელექტრო საქონელთან ერთად, მაგალითად, როგორიცაა ყურთსასმენები და ტაბლეტები, აეროპორტებში არსებულ მაღაზიათა ქსელში - InMotion Entertainment — შეგიძლიათ შეიძინოთ დრონები. აღნიშნული ქსელის მაღაზიები აშშ-ს მთელ რიგ ძირითად აეროპორტებში მდებარეობს, მათ შორის, მაიამის, ატლანტას, ჰიუსტონის, დალასის, ბოსტონისა და დეტროიტის აეროპორტებში.

6. აეროპორტებში არსებულ სკებში ფუტკრების მიერ დამზადებული ახალი თაფლი

საინტერესოა, რომ ფუტკრების კოლონიების მკვეთრი შემცირების ფონზე, მათ თავშეყრისთვის ძალიან უჩვეულო ადგილი - აეროპორტები შეარჩიეს.

CNBC-ის ანგარიშის თანახმად, აეროპორტების ტერიტორიებს ფუტკართა უამრავი კოლონია სტუმრობს. მათ ამ ტერიტორიებზე არსებული გაშლილი სივრცე და გამწვანება იზიდავთ.

მხოლოდ შეერთებული შტატების მასშტაბით, საფუტკრეები მდებარეობს ჩიკაგოს ოჰარას საერთაშორისო აეროპორტში, სენტ ლუის ლამბერტის საერთაშორისო აეროპორტში, სიეტლ-ტაკომას საერთაშორისო აეროპორტში, ოსტინ-ბერგსტრომის საერთაშორისო აეროპორტში, და ალბუკერკეს საერთაშორისო აეროპორტში.

ოჰარას საერთაშორისო აეროპორტი იყო პირველი აეროპორტი, რომელმაც შეერთებულ შტატებში საფუტკრეს უმასპინძლა 2011 წელს. ოჰარას საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ საფუტკრეში წარმოებული თაფლის საბაზრო სახელწოდებაა beelove და აქ ნაწარმოები თაფლი იყიდება ნედლი სახით და ასევე გამოიყენება სხეულის მოვლის პროდუქტებში.

7. დ. ბ. კუპერის ფიგურები

ზოგიერთი აეროპორტი დაკავებულია იმ ფაქტების პოპულარიზაციით, რითაც ცნობილია ქალაქები, რომლებსაც ეს აეროპორტები ეკუთვნის. ამგვარ აეროპორტებს განეკუთვნება პორტლანდის საერთაშორისო აეროპორტი.

დ. ბ. კუპერი - ასე უწოდეს პირს, რომლის ამოცნობაც ვერ მოხერხდა და რომელმაც, 1971 წელს, გაიტაცა თვითმფრინავი და გამოსასყიდის მიღების შემდეგ, რომელიც ათასობით დოლარს შეადგენდა, პარაშუტით გადახტა თვითმფრინავიდან, რის შემდეგაც ვერ მოხერხდა მისი პოვნა და იდენტიფიცირება.

რეისი, რომლითაც დ. ბ. კუპერი მგზავრობდა, და რომელიც სიეტლში მიემართებოდა, პორტლანდის საერთაშორისო აეროპორტიდან გახორციელდა, ამრიგად, ეს ამბავი პირდაპირ უკავშირდება პორტლანდის საერთაშორისო აეროპორტს. CNBC-ის ანგარიშის თანახმად, აეროპორტში 4,99 დოლარად იყიდება პარაშუტით აღჭურვილი დ. ბ. კუპერის ფიგურები.

8. მთლიანი მკერდი

Salt Lick-ის შემწვარი ხორცი და ძეხვეული დიდი პოპულარობით სარგებლობს სამხრეთული სამზარეულოს მოყვარულთა შორის. Salt Lick-ის რესტორნები ოსტინისა და დალასის აეროპორტებშიც არის განთავსებული.

აეროპორტებში არსებული სხვა კვების ობიექტების მსგავსად, Salt Lick-ი მომხმარებლებს სტანდარტულ მენიუს სთავაზობს, მათ შორის შემწვარი ხორცისა და ძეხვეულის ასორტსა და სენდვიჩებს, რომლებიც მათ თავად აეროპორტში შეუძლიათ მიირთვან. მაგრამ, აქ ასევე შესაძლებელია რესტორანის საფირმო სოუსში ამოვლებული მთლიანი მკერდის ყიდვაც წასაღებად.

9. ტყავის ჩანთაში მოთავსებული 1 500 დოლარის ღირებულების ლორი

აშშ-ს საბაჟო სამსახურის მოხელეები ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით უყურებენ მგზავრებს, რომლებიც ესპანეთიდან აშშ-ში ლორის მალულად შემოტანას ცდილობენ. ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები, 2015 წელს, ახალ ამბებშიც კი მოხვდნენ, მას შემდეგ, რაც წყვილისგან 100 დოლარის ღირებულების ვაკუუმში შეფუთული ჰამონის ლორი ამოიღეს.

ლორის მოყვარულებს შეუძლიათ აღარ ჩაიგდონ თავი საფრთხეში და აღარ შეეცადონ ქვეყანაში კონტრაბანდული გზით ლორის შემოტანას, ამის ნაცვლად, მათ საშუალება აქვთ მაიამის საერთაშორისო აეროპორტში შეჩერდნენ და მაღალხარისხიანი საქონლით მოვაჭრე ცენტრი The Shoppes-ში 1 500 დოლარად შეიძინონ Cinco Jotas Iberico-ს წარმოების ლორი, რომელიც თავის ტყავის ჩანთაშია მოთავსებული.

10. კიბო ფარშით - წასაღებად

განსაკუთრებული ლორის გარდა, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ზღვის პროდუქტებიც. მაღალხარისხიანი საქონლით მოვაჭრე მაღაზია Prive Gourmet Market, რომელიც The Shoppes-ის ცენტრში მდებარეობს, მგზავრებს სთავაზობს კიბოების შეძენას წასაღებად. აეროპორტში ასევე მდებარეობს George Stone Crabs-ის სპეციალური მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სპეციალური გელში შეფუთულ კიბოების შეძენას სთავაზობს, რომელიც მგზავრობისას საკვების უვნებლად შენახვას უზრუნველყოფს.

11. ცოცხალი ომარები

აეროპორტებში შემოთავაზებული ზღვის პროდუქტები მხოლოდ კიბოს დელიკატესებით არ შემოიფარგლება. ზღვის პროდუქტების ცნობილი რესტორნებისა და ბარების ქსელი Legal Sea Foods-ი, რომელიც მასაჩუსეტსში ჩამოყალიბდა და შემდეგ გავრცელდა ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, როდ-აილენდში, ვირჯინიასა და ვაშინგტონში, გთავაზობთ წასაღებად შეფუთულ ცოცხალ ომარებს. Legal Sea Foods-ის რესტორნები ბოსტონის ლოგანის საერთაშორისო აეროპორტის რამდენიმე ტერმინალშია განთავსებული.

12. ბატი–ბუტი გურმანებისათვის

ჩიკაგოში Garrett Popcorn Shops-ის ქსელი ცნობილია ახალი და ხელით დამზადებული ბატი-ბუტით. კომპანია გაიხსნა 1949 წელს და აცხადებს, რომ მის მიერ დამზადებული ბატი-ბუტის ყოველი სერია ხელით მზადდება.

კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის ბატი-ბუტს - ჩვეულებრივ ბატი-ბუტს, კარაქიან ბატი-ბუტს, ბატი-ბუტს კარამელით და სხვადასხვა გემოთი, როგორიცაა კეშიუს, ნუშის, პეკანის კაკლის, მაკადამიას კაკლის და ყველის ასევე, გვთავაზობს სეზონის მიხედვით ცვლადი გემოს არჩევანსაც.

ბატი-ბუტის მოყვარულ მგზავრებს ძალიან გაუმართლათ, რადგან Garrett Popcorn Shops-ის მაღაზიები, მსოფლიო მასშტაბით, ბევრ აეროპორტში მდებარეობს, მათ შორის, ჩიკაგოს ოჰარას საერთაშორისო აეროპორტში, დალასსა და ფორტ ვორთის შორის მდებარე საერთაშორისო აეროპორტში, მალაიზიის კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში, სინგაპურის სახელგანთქმულ ჩანგის აეროპორტში, ტაილანდის დონ მუეანგის აეროპორტში, რომელთა რიგებსაც, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, შეემატა ვაშინგტონის რეიგანის სახელობის ეროვნული აეროპორტი.

13. ადგილობრივი ლუდი კათხებით

გაინტერესებთ კიდევ რითია ცნობილი პორტლანდი დ. ბ. კუპერის გარდა? ეს არის მიკრო ლუდსახარშები. ლუდის მოყვარულებს, რომლებიც წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთს სტუმრობენ, სასიამოვნო და დიდი არჩევანი ელოდებათ არა მხოლოდ მოგზაურობისას, არამედ აეროპორტშიც. პორტლანდის საერთაშორისო აეროპორტში შეგიძლიათ არა მხოლოდ დააგემოვნოთ არამედ შეიძინოთ კიდეც ადგილობრივ ლუდსახარშში მომზადებული ლუდი; აღნიშნული აეროპორტი, 2018 წელს, Travel+Leisure-ის მიერ დასახელებული იქნა როგორც ყველაზე პოპულარული ადგილობრივი სავაჭრო ობიექტი.

იმ შემთხვევაში, თუ გეჩქარებათ, შეგიძლიათ მიირთვათ ერთი კათხა Rogue Ales სახელწოდებით ცნობილი ლუდი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე ლუდსახარშია, მათ შორის Laurelwood Brewery-ი და Public House-ი, Hopworks Urban Brewery-ი და Deschutes Brewery.

აშშ-ს მასშტაბით, სხვა აეროპორტებშიც, მათ შორის მემფისის საერთაშორისო აეროპორტსა და ნეშვილის საერთაშორისო აეროპორტშიც, შეხვდებით ლუდხანებს, რომლებიც მგზავრებს ადგილობრივად დამზადებული ლუდის არჩევანს სთავაზობს, რომელიც შეგიძლიათ აეროპორტშივე მიირთვათ ან გზად.

მოამზადა: ეკატერინე ბიწკინაშვილმა