ავსტრიაში პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში ამერიკელ ტურისტებს „მაკდონალდსში“ დაეხმარებიან

ავსტრიაში პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში ამერიკელ ტურისტებს „მაკდონალდსში“ დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აღნიშნული მომსახურება პოპულარულმა რესტორნების ქსელმა ავსტრიაში აშშ-ის ელჩის ინიციატივით დაამატა.

ამიერიდან აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც სამგზავრო დოკუმენტს დაკარგავს ან რაიმე გადაუდებელი დახმარება დასჭირდება, შეეძლება სწრაფი კვების რესტორნების ცნობილ ქსელში მივიდეს, სადაც დახმარებას გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის საელჩოს აცნობებენ მომხდართან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ავსტრიაში „მაკდონალდსს“ 194 ფილიალი აქვს. ამიერიდან თითოეულ მათგანში ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც, თანამშრობლები აშშ-ის დიპლომატიურ მისიას დაუკავშირდებიან.

აღნიშნულ შეთანხმებას ავსტრიაში აშშ-ის ელჩმა ტრევორ ტრაინამ ავსტრიაში „მაკდონალდსის“ მენეჯერ ისაბელ კასტერთან ერთად მოაწერა ხელი.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა