თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევაზე  ტენდერი ახლიდან  გამოცხადდა

თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევაზე ტენდერი ახლიდან გამოცხადდა. მერიამ თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სახელმწიფო შესყიდვა 16 მაისს გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 135 000 ლარია.

„თბილისის “ღამის ეკონომიკის” ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია მოკლე ვადებში განისაზღვროს კვლევებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ზემოთხსენებულმა აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ქალაქის ურბანულ განვითარებას ღამის პერიოდში, ასევე მოსახლეობის ჩართულობისა და აქტიურობის ზრდას.

ღამის ეკონომიკის დეფინიცია - გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და 8:00 საათამდე გრძელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების როლი, როგორებიცაა გართობა, დასვენება და კულტურული ღონისძიებები. ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, უბნების რეგენერაცია და უსაფრთოხება, რომელიც ღამის ეკონომიკის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შეგახსენებთ, რომ მერიამ „ღამის ეკონომიკის“ კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 172 616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. კერძოდ, როგორც შესყიდვების ვებგვერდზეა აღნიშნული, ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ - ერნსტ & იანგიმ, შპს კონსალთიმ, ეისითიმ და შპს Innova-მ მიიღეს, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ოთხივე მათგანის დისკვალიფიკაცია მოხდა.

ცნობისთვის, თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარება დედაქალაქის მერის კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელად კალაძემ 2018 წლის 7 მარტს სერგი გვარჯალაძე წარადგინა. უკვე აპრილში კი კალაძე აღნიშნავდა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დასრულებული იყო.

თაია არდოტელი