ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, მცენარეული ფენის მოხსნა, ჭრილების დამუშავება, ყრილის მოწყობა, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, რომ პროექტი დადგენილ ვადებში და შეიძლება უფრო ადრეც დასრულდეს. ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, ქუთაისი-სამტრედიის გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია.
მათივე ცნობით, ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. 3 ლოტზე ქართულმა კომპანიამ “ბლექ სი გრუპმა“გაიმარჯვა, ერთზე კი - კომპანია „აკორდმა“. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტრაქტორის სახით ახორციელებს.
„ხელოვნური ნაგებობები ინტენსიურად ეწყობა, ლოგისტიკური, სამობილიზაციო და სხვა ტექნოლოგიური ასპექტებიც სრულადაა უზრუნველყოფილი, რაც გვაიმედებს, რომ სამუშაო პროცესი კიდევ უფრო მასშტაბური ტემპით განვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას უზრუნველყოფს, გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება მგზავრობის ხარჯები“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ქუთისის შემოვლითი ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.