„ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი სამართლიანია - მივმართავ კომპანიას, რომ შეასრულოს პირობა"

ძირითადი პრობლემები, რასაც მაღაროელები აყენებენ, არის მარტივი და აბსოლუტურად გასაგები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ადგილობრივებს ხვდებიან.

ღარიბაშვილის თქმით, მაღაროელების პროტესტი სამართლიანია და ის დროულ რეაგირებას საჭიროებს.

„მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მაღაროელების მიმართ სოლიდარობით. ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და თქვენ ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, სჭირდება დროული რეაგირება. როგორც ჩემმა მეგობარმა კახა კალაძემ აღნიშნა, შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, მოვისმენთ მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და პირობები გაუმჯობესდეს.

მე მინდა გავიხსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ჯერ კიდევ მთავრობის მეთაურად ვმუშაობდი, მაშინ მსგავსი პრობლემები ჩემამდე მოვიდა. მაშინ ჩვენ უშუალოდ ჩემი ჩართულობით შევძელით და წამოვიყვანეთ მაშინდელი კომპანია და მენეჯმენტი დათმობაზე. ძირითადი პრობლემები, რასაც ეს ხალხი აყენებს, არის მარტივი და აბსოლუტურად გასაგები. მე მოვისმინე თქვენი მაჟორიტარისგან, რომ ჩვენს მაღაროელებს აქვთ ელემენტარული პრობლემები. მაგალითად, კვების პრობლემა. ის რომ მენეჯმენტმა, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნორმალური კვება, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ძალიან მაინტერესებს და მინდა მოვისმინო კომპანიის პასუხი, რატომ არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება. ის, რომ ჩვენს მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ჯანდაცვა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა? ის, რომ მათი ოჯახის წევრებს, უნდა ჰქონდეთ დაზღვევა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა?“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე კომპანიას მიმართა და მოითხოვა, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან თავის დროს მაღაროელებისა და დასაქმებულების ოჯახის წევრების წინაშე აიღო.

„ოთხი წლის წინ ჩვენი პირობა იყო, რომ კომპანიას დაეფინანსებინა საავადმყოფო ამ მაღაროში მომუშავეთათვის. მაშინ ეს პირობა მივიღეთ, ვალდებულება აიღეს, მაგრამ რატომღაც ეს პირობა არ შეასრულეს. ამიტომ, მე მინდა მივმართო ღიად, კომპანიას, რომელიც მართავს ამ ძალიან სერიოზულ აქტივს: მოგმართავთ, რომ შეასრულოთ თქვენი პირობა მაღაროელების წინაშე. ნუ მოვექცევით უსამართლოდ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჭიათურაში მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.