შუშის სახურავი და კოშკურა, აუზი, პარკინგი -  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის აღდგენის განსხვავებული ვერსიები

17 აპრილს საფრანგეთის მთავრობის მიერ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის აღდგენის გეგმაზე საერთაშორისო კონკურსის გამოცხადების შემდეგ არქიტექტორები და გრაფიკული დიზაინერები საკუთარ იდეებს წარადგენენ.

მსოფლიოს მასშტაბით ასობით არქიტექტორმა, გრაფიკულმა დიზაინერმა თუ უბრალოდ ტაძრის აღდგენით დაინტერესულმა პირმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი მეტად უჩვეულო და უცნაური აღმოჩნდა. სოციალურ მედიაში ისინი მალევე გახდა განსჯისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კრიტიკის საგანი.

მათ შორის ყველზე განსხვავებულ ვერსიებს წარმოგიდგენთ:

საცურაო აუზი

სტოკჰოლმში არსებულმა კომპანია Ulf Mejergren Architects (UMA) წარმოადგინა ტაძრის რეკონსტრუქციის საკუთარი ხედვა, რომლის მიხედვითაც ჩამონგრეული სახურავის ადგილას შესაძლებელია უზარმაზარი საცურაო აუზი განთავსდეს. ისინი ფიქრობენ, რომ აუზით სარგებლობა ყველა მოქალაქისათვის შესაძლებელი უნდა იყოს და მათ აუზიდან პარიზის ხედებით დატკბობა შეეძლებათ.

მწვანე სახურავი მწვანე პლანეტისთვის

დიზაინერმა მარკ კარბონარემ წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც პარიზის ღვთისმშობლის სახურავზე მწვანე ზონა უნდა მოეწყოს. ის ფიქრობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში გარემო მნიშვნელოვნადაა დაბინძურებული და ტაძრის სახურავზე გამწვანენების მოწყობა მკაფიო სიგნალი იქნება გარემოს დასაცავად.

შუშის სახურავი და კოშკურა

არქიტექტორმა ალექსანდრე ჩასანგმა წარმოადგინა საკუთარი ხედვა, სადაც ტაძრის სახურავი და კოშკურა მთლიანად შუშისგან უნდა დამზადდეს. ის აცხადებს, რომ ტაძარმა თანამედროვე ხელოვნების მოთხოვნებს უნდა უპასუხოს.

საპარკინგე სივრცე

ერთ-ერთმა დაინტერესებულმა პირმა კი კონკურსზე წარადგინა გეგმა, სადაც პარიზის ღვთისმშობლის სახურავზე რამდენიმე სართულიანი ავტომობილების საპარკინგე ზონა უნდა მოეწყოს, სადაც ასობით ავტომობილი განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

ბექა ბერიაშვილი