პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.
არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე იმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.
დღეს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. გარდა ამისა, დღესვე მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები - 2 ბიულეტენს. ამასთან, ბიულეტენები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ისე შესაბამისი საარჩევნო უბნებისთვის, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.