ამერიკა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ მეტალზე საბაჟო ტარიფებს აუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად უქმდება კანადიდან და მექსიკიდან აშშ-ში იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე აქამდე მოქმედი დამატებითი საბაჟო ტარიფები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„მე დავადგინე, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებული ალუმინი ამიერიდან არ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - წერია ქვეყნის მმართველის განკარგულებაში.

შედეგად კი დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღოს კანადა და მექსიკა, რომლებიდანაც მეტალის იმპორტი დამატებით იბეგრება. ანალოგიური დოკუმენტი გავრცელდა თავად ამ ქევყნების მხრიდანაც, რომლებსაც საპასუხოდ ჰქონდათ ამოქმედებული საბაჟო ტარიფები ამერიკიდან იმპორტირებულ მეტალზე.

შეგახსენებთ, 2018 წლის მარტში აშშ-მა დაიწყო ცალკეული ქვეყნებიდან იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე დამატებითი საბაჟო ტარიფით დაბეგვრა. გასული წლის 1-ლი ივნისიდან შემზღუდავი ზომები შემოიღეს კანადიდან, მექსიკიდან და ევროკავშირიდან იმპროტირებულ რკინასა და ალუმინზე. მაშინ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ზომებს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხსნიდა.

კოკა კვირკველია