„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90%-ს, 2017 წლის გაზაფხულის - ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპის ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია.
შესაბამის შეკითხვაზე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების, 2017 წლის გაზაფხულის შემდეგ გიმოგზაურიათ თუ არა ევროპის ე.წ. შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში? - რესპონდენტთა 90%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, 5%-მა განაცხადა, რომ იმოგზაურა ერთხელ, 3%-ის თქმით, იმოგზაურა რამდენჯერმე, 2%-მა კი აღნიშნა, რომ არ იცის.
რაც შეეხება შეკითხვას, 1991 წლიდან დღემდე, გიცხოვრიათ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს საზღვარგარეთ სულ ცოტა სამი თვის მანძილზე? - გამოკითხულთა 73%-მა აღნიშნა, რომ არ უცხოვრია, 25%-ის თქმით, უცხოვრია, 1%-მა არ იცის, ასევე 1% კი პასუხზე უარს აცხადებს.
ამასთან, იმ რესპონდენტების 33%, რომელთაც 1991 წლის შემდეგ საზღვარგარეთ უცხოვრია, აცხადებს, რომ ცხოვრობდა ევროპაში; 31% ამბობს, რომ რუსეთში; 20% - თურქეთში; 15% - ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში; 3% - აშშ-ში; 1% - ახლო აღმოსავლეთში; ასევე 1% - აზია, 9% - სხვა ქვეყნებში.
კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.