საქართველოში უმუშევრობის დონე 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.8 პროცენტი შეადგინა.

მათივე ცნობით, 2019 წლის 1-ელ კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.8 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე უცვლელი დარჩა, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით.

„ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

2019 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი