2019 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში 99 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, მათი 24.2 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.2 პროცენტი - კახეთში, 12.1 პროცენტი - იმერეთში, 12.1 პროცენტი - შიდა ქართლში, 10.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.3 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის 1-ლი კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 87.4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 40.5 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 59.5 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,838.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
„სასაკლაოების მიერ 2019 წლის 1-ლი კვარტლის განმავლობაში 9,615.1 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 37.6 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 42.9 პროცენტი - ფრინველის, 15.9 პროცენტი - ღორის, 3.4 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე მოდის, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
ამასთან, მომსახურება 9.1 ათას პირს გაეწია, საიდანაც 40.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 915 კაცი შეადგინა,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლაზე - 24.4 ლარი, ცხვრის ან თხის - 9.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლაზე - 22.1 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის დაკვლაზე საფასური გაზრდილი, ხოლო ცხვარსა და თხაზე - შემცირებულია.
კერძოდ, 2018 წლის 1-ელ კვარტალში სასაკლაოებში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლაზე - 22.8 ლარი, ცხვრის ან თხის - 10 ლარი, ხოლო ღორის დაკვლაზე - 20.5 ლარი იყო.