„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 276.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.4 პროცენტს შეადგენს.
იმპორტის მოცულობამ კი 709.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (14.7 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 26.0 პროცენტი შეადგინა.
„სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 985.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.2 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აპრილში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.2 პროცენტით განისაზღვრა.
2019 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 576.5 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 34.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.9 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 773.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (11.8 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 28.4 პროცენტია.
სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 350.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აპრილში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 12.4 პროცენტი იყო,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 133.4 მლნ აშშ დოლარს (17.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 726.2 მლნ აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.