„კრისტინ ლაგარდის ჩამოსვლა იმის დემონსტრირებაა, რომ სსფ მხარს უჭერს იმ რეფორმებს და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს"

კრისტინ ლაგარდის ჩამოსვლა თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს იმ რეფორმებს და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, როგორც წესი, ასეთი სახის ვიზიტები მიმდინარეობს იმ ქვეყნებში, რომლებიც წარმართავენ სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ახორციელებენ სწორ რეფორმებს. მისივე თქმით, ეს ვიზიტი და ის პროგრამა, რომელიც საქართველოში სსფ-ს დაფინანსებით ხორციელდება, დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე.

„მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე საქართველო ახორციელებს სამწლიან პროგრამას, რომელიც ფინანსურად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა მხარდაჭერილი. პროგრამა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება და საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მნიშვნელივანია, რომ ეს ვიზიტი და ამასთან მიმდინარე პროგრამა, არის ძალიან მკაფიო სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების განხორციელებისთვის,”-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პირველად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 19-21 მაისს მოიცავს, დაგეგმილია სსფ-ის მმართველი დირექტორის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან.

ამასთან, დღეს სსფ-ის მმართველ დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძისა და კრისტინ ლაგარდის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.