პრემიერმა ელჩებს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გააქტიურებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ ელჩებს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მაქსიმალურად გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

ქართველ დიპლომატებს ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე ამბასადორიალზე მიმართა.

"ეკონომიკურად განვითარებული, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა არის არსებული გამოწვევებისადმი ჩვენი პასუხი. განსაკუთრებით უნდა გამოვყო ეკონომიკური დიპლომატიის როლი ჩვენ მიერ დასახული პრიორიტეტების განხორციელების საქმეში. მინდა ხაზი გავუსვა ამ მხრივ თქვენი ძალისხმევის მნიშვნელობას და მოგიწოდოთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რომ მაქსიმალურად გაააქტიუროთ საქმიანობა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით", - მიმართა ღარიბაშვილმა დიპლომატებს.

თავის მხრივ, პრემიერის განმარტებით, მთავრობა პირდება მათ, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს ქვეყანაში შესაბამისი ბიზნესგარემოს უზრუნველსაყოფად.