„რა თქმა უნდა, კონკრეტული რეკომენდაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გვაქვს და ეს საკითხი განიხილება სსფ-ს მისიის დონეზე"

რა თქმა უნდა, კონკრეტული რეკომენდაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გვაქვს და ეს საკითხი განიხილება სსფ-ს მისიის დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სსფ-ს მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, მიიღო თუ არა კონკრეტული რეკომენდაციები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდისგან, მათ შორის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემასთან დაკავშირებით, გვენეტაძე განმარტავს, რომ სსფ დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, რეკომედაციებზე მსჯელობა კი სსფ-ს მისიის დონეზე მიმდინარეობს.

„ქალბატონმა ლაგარდმა თავის დღევანდელ გამოსვლაში ისაუბრა რაოდენ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება კრედიტის ჯანსაღ ზრდაზე, იმაზე, აქვთ თუ არა შინამეურნეობებს საშუალება მოემსახურონ აღებულ ვალს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ მომავალში ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნას. ასევე, მკაფიოდ აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დოლარიზაციის შემცირებას ქვეყანაში,”-განაცხადა კობა გვენეტაძემ.