როდესაც ვსაუბრობთ მოკლევადიან სავალუტო რყევებზე, როგორც წესი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასევე ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას, რადგანაც ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.
კითხვაზე, დადებითი მაკროეკონომიკური პარამეტრების ფონზე რა განაპირობებს ლარის გაუფასურებას, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ გაცვლით კურსზე კომპლექსურად მოქმედებს არაერთი ფაქტორი და მოკლევადიან რყევებზე ეროვნული ბანკი კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ლარზე და ზოგადად გაცვლით კურსზე კომპლექსურად მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორები. გაცილებით მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც მიზნობრივ ინფლაციასთან არის ახლოს და სსფ-ს დირექტორმა კრისტინ ლაგარდმაც აღნიშნა, რომ ინფლაცია საქართველოში დაბალია",-განაცხადა გვენეტაძემ.