„რუსთავის ფოლადში“ დასაქმებული მუშების ნაწილი კვლავ გაფიცულია. გაფიცული მუშები საწარმოს ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. საწარმოს ხელმძღვანელობასა და სორტული საამქროს თანამშრომლებს შორის შეთანხმება ხელფასის გაზრდასა და სხვა მოთხოვნების შესრულებაზე 18 მაისს შედგა. ფოლადსადნობი საამქროს 250-მდე თანამშრომლებს კი „რუსთავის ფოლადის“ დირექტორის მოადგილემ შეთავაზებული პირობები დღეს დილით გააცნო.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძემ განაცხადა, ფოლადსადნობი საამქროს 250-მდე მუშას საწარმოს ხელმძღვანელობა 15-დან 30%-ით სთავაზობს ხელფასის გაზრდას, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების ყველა მოთხოვნას შეასრულებს.
„მათი მოთხოვნა იყო ხელფასების 50%-ით გაზრდა, დღეს შევიკრიბეთ და შევთავაზეთ ჩვენი წინადადება, რაც ხელფასების 15-დან 30%-მდე გაზრდაა სხვადასხვა კატეგორიების თანამშრომლებისთვის. მათ ვისაც აქვს ნაკლები ხელფასი, უფრო მეტი პროცენტით გაეზრდებათ და ვისაც მეტი აქვს, უფრო ნაკლებით. ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არის მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია, იყო სხვა დეტალებზეც საუბარი, რაზეც მოვრიგდით მათთან და პრობლემა არ იქნება. ჩვენ ამ ხალხთან კონფრონტაციულ რეჟიმში არ ვართ, ისინი საკუთარ მოთხოვნებს გვაცნობენ, ჩვენ ჩვენსას ვეუბნებით და მივდივართ შეთანხმებამდე. მე იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძემ.
„რუსთავის ფოლადის“ 400-ზე მეტი მუშა 16 მაისს გაიფიცა. მუშების გაფიცვის გამო მთლიანად გაჩერდა სორტული და ფოლადსადნობი საამქროები. 17 მაისს საწარმოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ სორტულმა საამქრომ მუშაობა შაბათიდან განაახლა. ამ დრომდე გაჩერებულია ფოლადსადნობი საამქრო.