თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტების შეძენა თავად მოუწევთ, - ამის შესახებ მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ბაღები საკვებს გარდამავალ პერიოდში, ახალი კომპანიის გამოვლენამდე შეიძენენ.
„უკვე მეორე სასაწავლო წელია კომპანია "ნილი" ჩვენი ადმინისტრაციის მიერ შემოღებული და ასევე unicef-ის სტანდარტების დაცვით ახორციელებდა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ბაღებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მიწოდება ხდებოდა საკმაოდ ჯეროვნად, მიუხედავად მცირედი გადახვევებისა. საკვები იყო ხარისხიანი და კარგი. ჩვენ მუდმივად მხარდაჭერას ვუცხადებდით კომპანია "ნილს". საკვების შემოწმება ხდებოდა სხვადასხვა ინსტანციების მიერ, როგორც მერიის შიდა აუდიტის, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბაღების მონიტორინგის მიერ. ბოლო პერიოდამდე "ნილი" საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, რასაც ვერ ვიტყვით უკანასკნელ ორ კვირაზე. არის მუდმივი შეფერხებები, დაგვიანებით საკვების მიტანა, საკვები ხშირ შემთხვევაში იყო უხარისხო და შეუძლებელი იყო მისი გამოყენება და მოგვიწია ჩანაცვლება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ხარისხიანი საკვებით ხდებოდა მომარაგება“, - განაცხადა ელოშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიას მერიისგან გაფრთხილებაც მიღებული ჰქონდა.
„გაფრთხილებაც მივეცით კომპანია „ნილს“, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა. კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და გვაქვს პრობლემები. ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ შეუწყდეს ხელშეკრულება. რამდენიმე კვირის განმავლობაში თვითონ ბაღები განახორციელებენ შესყიდვებს და არანაირი შეფერხება და ხარისხში გაუარესება ამ პერიოდში არ იქნება. ხოლო შემდგომში მოხდება კომპანიის ჩანაცვლება. საუბარია თვენახევრიან-ორთვიან პერიოდზე, სანამ გამოცხადდება საზაფხულო არდადეგები. არდადეგების პერიოდში რომელიმე სხვა კომპანიით ჩანაცვლება განხორციელდება. მომავალი წლისთვის კი გამოცხადდება ახალი ტენდერი“, - განაცხადა ელოშვილმა.
მისივე თქმით, მერიას მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან უკვე დაწყებული აქვს.
„თუკი არდადეგების დაწყებამდე პერიოდში ისინი გამოთქვამენ სურვილს, მოხდება ჩანაცვლება და გეცნობებათ აუცილებლად. კომპანიებს წინასწარ ვერ დავასახელებთ“, - განაცხადა ელოშვილმა.
რაც შეეხება საკვები პროდუქტების კონტროლს, ელოშვილის მტკიცებით, კონტროლი იგივე რეჟიმში და მექანიზმებით გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო.
„ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მიმწოდებელი, ბაღი თუ რომელიმე კომპანია, მთავარია საკვები რა ხარისხისაა, როგორი ჰიგიენური ნორმებით აწვდიან მას და რა პორციებით“, - განაცხადა ელოშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია „ნილს“ ყველა გადაცდომაზე, რაც კი აქამდე ჰქონდა დაკისრებული აქვს.
„არცერთი ჯარიმა არ გამოგვიტოვებია, თუმცა, კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ თუკი ეს ჯარიმები იმ რაოდენობისაა, რომ კომპანია ვერ გააგრძელებს სამუშაოების წარმოებას, კონტრაქტს ვწყვეტთ. ეს არის ჯარიმაც და ყველანაირი სანქციაც“, - განაცხადა ელოშვილმა და დასძინა, რომ ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ახალი ტენდერი ზაფხულის პერიოდში გამოცხადდება.