ერთი კვირის განმავლობაში, საგადასახადო სამართალდარღვევის 540 ფაქტი გამოვლინდა

13-19 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 540 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4477 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 165 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 30 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 345 შემთხვევა.