საქართველოში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა - „ფასი მოვამატეთ იმიტომ, რომ ხარჯებს ვეღარ ავუდიოდით“

საქართველოში მსხვილფეხა საქონლის რაოდენობის შემცირების პარალელურად, სასაკლაოების მომსახურების საფასური გაიზარდა.

როგორც სასაკლაოების წარმომადგენლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ფასების მატება ხარჯების ზრდით არის განპირობებული.

ცნობისათვის, 2019 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის დაკვლაზე საფასური გაიზარდა, ხოლო ცხვარსა და თხაზე - შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში სასაკლაოებში ერთეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლაზე საშუალო ფასი - 22.8 ლარი, ცხვრის ან თხის - 10 ლარი, ხოლო ღორის დაკვლაზე - 20.5 ლარი იყო. ხოლო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში, ერთეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლაზე მომსახურება საშუალოდ - 24.4 ლარი ღირს, ცხვრის ან თხის - 9.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლაზე - 22.1 ლარი.

რაც შეეხება რაოდენობას, 2019 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტით შემცირდა და 955.4 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით1.9 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლნ სულს მიაღწია. ღორის რაოდენობა 174.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინერესდა, რამ გამოწივია მსხვილფეხა საქონლის დაკვლის საფასურის გაზრდა, ამასთან როგორია მოთხოვნა მომსახურებაზე.

როგორც თელავის სასაკლაოს „ქართული ხორცის პროდუქტები“ ხელმძღვანელი სანდრო მეგუთნიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მისი კომპანიის შემთხვევაში, მომსახურების საფასური 5 ლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ხარჯების გაზრდას უკავშრდება.

„ჩვენთან მსხვილფეხა საქონლის დაკვლაზე მომატებულია მომსახურების საფასური. მაგალითად, 400-კილოგრამიანი ძროხის დაკვლა 20 ლარი ღირს. ამაში შედის დაკვლა, გატყავება, გასუფთავება, დახერხვა, გაციება. აქამდე 15 ლარი ღირდა. 5 ლარი მოვამატეთ. ფასი მოვამატეთ იმიტომ, რომ ხარჯებს ვეღარ ავუდიოდით. ზაფხულში მაცივრის მოსახურებაც გვჭირდება და თვეში 1000-1500 ლარამდე მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურია გადასახდელი. ამას ემატება წყლის, მოგების, ქონების, გადასახადები და საკმაოდ დიდი თანხაზე ავდივართ.

რაც შეეხება ცხვარს, ნაკლებად იკვლება, მოთხოვნა მცირეა. ქვეყნის გარეთ უფრო ცოცხალი გადის. როდესაც დიდი სუპერმაკეტები მოგვმართავენ საქონლის დაკვლაზე, ძირითადად, ისინი უკვეთავენ 1-2 ცხვარსაც. თორემ, ბაზარში გაყიდვის მიზნით, ჩვენთან ცხვარი არ იკვლება“,- აცხადებს სანდრო მეგუთნიშვილი.

მისივე თქმით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, მსხვილფეხა საქონლის დაკვლაზე მოთხოვნა გაზრდილია, ისევე როგორც ხორცის ფასი.

„გაიზარდა ძროხის ხორცის ფასიც, დაახლოებით, 18 ლარამდე ღირს, ცხვრის - 20-22 ლარი. განსაკუთრებით სააღდგომო და სხვა სადღესასწაულო პერიოდში იმატებს.

რაც შეეხება დაკვლაზე მოთხოვნას, გასულ თვეებთან შედარებით, შეკვეთები დაახლოებით,15-20%-ით გაიზარდა, რასაც ტურისტულ სეზონს ვუკავშირებით. ამასთან, ჩვენ ვამარაგებთ თბილისის დაახლოებით, 20%-ს (ბაზრებს და დიდი სუპერმაკეტებს), დანარჩენი ადგილზე, კახეთის რეგიონში იყიდება. აქ მოხმარება ყოველთვის გაცილებით დიდია. თუმცა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებით, მოთხოვნა ბევრად გაზრდილი არ არის. შარშან თვეში 1000-1200 სულამდე იკვლებოდა და ახლაც ასეა, მეტ-ნაკლები ცვლილებებით, პერიოდების მიხედვით“,-აცხადებს სანდრო მეგუთნიშვილი.

შპს „მატაროდორის“ ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილი ამბობს, რომ საქონლის დაკვლის საფასური მის კომპანიას არ გაუზრდია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შპს „მატადორის“ მომსახურება, სხვა სასაკლაოებთან შედარებით, ისედაც ძვირი იყო.

„ჩვენ მომოსახურების საფასური არ გაგვიზრდია. 2 წელია ვმუშაობთ და მსხვილფეხა საქონლის დაკვლა სტაბილურად 55 ლარი ღირს, ხოლო ღორის - 45-50 ლარი, წონას გააჩნია. წვრილფეხა საქონელი ჩვენთან არ იკვლება.

რაც შეეხება მომსახურებაზე მოთხოვნას, ჩვენთან ძალიან შემცირებულია. ამის მიზეზია ის, რომ ღორთან შედარებით, საქონელი არ იშოვება. თვეში დაახლოებით, 300-400 სულ ღორს ვკლავთ, მსხვილფეხა საქონელს - 30-დან 50 სულამდე, როცა ეს რაოდენობა დღეში უნდა იკვლებოდეს. მე ვფიქრობ, მოთხოვნის შემცირება ცოცხალი საქონლის ქვეყნის გარეთ გაყვანამ გამოიწვია“,- აცხადებს იოსებ კოხტაშვილი.

ნინი ქეთელაური