კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
მათ შორის რაც შეეხება, საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა.
„კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა,“-აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო.
როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამაც დაადასტურა.
„სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან.
ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად,“-აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სილქნეტი" და "მაგთიკომი" ტარიფების გაზრდას გეგმავენ. თუმცა, კომუნიკაციების კომისია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა და კომპანიებს მოუწოდა, რომ ტარიფების ზრდა დროებით შეეჩერებინათ, მანამ სანამ კომისია ბაზრის კვლევას დაასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, კომისიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზართან დაკავშირებით. კერძოდ, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. შედეგად, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ-ის ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება.