„როდესაც ლარის კურსი ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ დიდი მოთხოვნილება უცხოურ ვალუტაზე“, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ლია ელიავამ „ინტერპრესნიუსთან“ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსის ასეთი ვარდნა არ არის დაკავშირებული უცხოეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან.
„თქვენ იცით, რომ საქართველოში ლარის კურსი ყალიბდება კომეციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად. მათი ვაჭრობა კი განპირობებულია იმით, რამდენი ფული შედის და გადის ქვეყნიდან. ანუ რამდენს რიცხავენ საზღვარგარეთ და რამდენი შემოაქვთ. როდესაც ლარის კურსი ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ დიდი მოთხოვნილება უცხოურ ვალუტაზე. ლარის კურსის ასეთი ვარდნა არ არის დაკავშირებული უცხოეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან. შესაძლებელია, ამ პროცესის აღკვეთა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების განხორციელების გზით, რასაც ეროვნული ბანკი არ აკეთებს.
ქვეყნებში, სადაც არის სავალუტო მცურავი კურსი, ყოველთვის ცენტრალური ბანკები ძლიერი რყევის დროს იყენებენ სავალუტო ინტერვენციის ინსტრუმენტს, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ დააზიანონ. სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა ამაზე ხელი აიღო. შესაბამისად, როგორც ხედავთ იზრდება ფასები, გაუფასურდება მოსახლეობის დანაზოგი, ლარი იქნება ნაკლებმსყიდველობითუნარიანი, რაც ძალიან ძლიერ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას“, - აღნიშნა ლია ელიავამ.