ქართული ღვინო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი

ლონდონის საგამოფენო ცენტრში „Olympia London“ ღვინის საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair 2019” იმართება, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობს.

ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელი, ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ქართული ღვინის სამ პრეზენტაცია-დეგუსტაციას ჩაატარებს: ქვევრის ღვინოზე, საფერავსა და თანამედროვე ღვინოებზე.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თამარ ხანიშვილმა აღნიშნა, გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის პროფესიონალების მხრიდან საკმაოდ დიდია.

„აღნიშნული გამოფენა არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის სფეროში მოღვაწე უამრავ პროფესიონალს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან. გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შანსია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ევროპელ მომხმარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას“, - აღნიშნა თამარ ხანიშვილმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ქართული ღვინისთვის, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

London Wine Fair ტარდება 1981 წლიდან და ღვინის სფეროში მიჩნეულია წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად. გამოფენაში, რომელიც მიმდინარე წელს 20-22 მაისს იმართება, 14 000 სხვადასხვა დასახელების ღვინოა წარმოდგენილი მსოფლიოს 35 ქვეყნიდან.