ამოცანა დღეს დგას ის, რომ 8 პუნქტიდან, საგრძნობ რაოდენობაზე მივაღწიოთ პრინციპულ შედეგს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.
ახვლედიანის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს.
„შედეგზე საუბარი ცოტა ადრეა. იყო სამუშაო შეხვედრა, განვიხილეთ საკითხები, ეს იყო ასე ვთქვათ, წინარე სამუშაო შეხვედრა. წინ გვაქვს მსჯელობა, რომ რაღაც საკითხებზე განხილვა დავასრულოთ და შეთანხმებას მივაღწიოთ გარკვეულ საკითხებზე. მე ვფიქრობ, რომ თვითონ პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფოს მხრიდანაც, ბანკების მხრიდანაც, ჩვენი მხრიდანაც არის მზაობა და კონსტრუქციული მიდგომა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში და მე ვიმედოვნებ, რომ საგრძნობ პროგრესს მივაღწევთ.
ყველა მხარე არის მზად დათმობებზე წასასვლელად და ამაზე არის სწორედ საუბარი ყველას მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ, ამოცანა დღეს დგას ის, რომ გარკვეულ საკითხებზე ამ 8 პუნქტიდან, საგრძნობ რაოდენობაზე მივაღწიოთ პრინციპულ შედეგს.
კონკრეტული პასუხებისგან თავს შევიკავებ. მთავარია დღეს დამთავრდეს მთლიანად ეს მოლაპარაკების პროცესი და ამის შემდეგ უფრო მეტ დეტალზე შევძლებ კომენტარის გაკეთებას. დილას გვქონდა მინისტრებთან შეხვედრა, ახლაც სამუშაო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, უფრო დეტალურად განხილვას, ამიტომ დაველოდოთ”, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", მთავრობასა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების 8 პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს პირველმა პირებმა და ოთხი დიდი საერთაშორისო ინსტიტუტის EBRD-ის, OPIC-ის, ADB-ის და AIIB-ის წარმომადგენლებმა მიიღეს. ეს ის წამყვანი ბანკებია, რომელთაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა $400 მილიონი დოლარით უნდა დააფინანსონ.