"მთავარი შეთანხმება, რაც ყველა მხარეს შორის მიღწეულია, არის ის, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის"

მთავარი შეთანხმება, რაც სამივე მხარეს შორის მიღწეულია, ის არის, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, ანაკლიის პორტის საკითხზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, პროექტისადმი და პროექტში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, როგორც ბანკებს, ასევე მთავრობას.

„შესაბამისად, ჩვენი საერთო შეთანხმება ისაა, რომ დღის განმავლობაში კიდევ უნდა დავუახლოვოთ ჩვენი პოზიციები ერთმანეთს იმ საკითხებზე, რაზეც პრაქტიკულად, გვაქვს მიღწეული შეთანხმება,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, “ყველაზე რთული პოზიცია” სახელმწიფოს კომერციული რისკების დაზღვევაზე აქვს და სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.

“მოლაპარაკების საგნად რჩება და აქ მთავარია ინვესტორის კომერციული რისკის დაზღვევა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან სწორედ ეს იქნება, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ბანკებთან და კონსორციუმთან ვსაუბრობთ, რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებაა შესაძლებელი კომერციული რისკების დასაზღვევად, ისე რომ სახელმწიფოს არ მოუწიოს ამ რისკების დაზღვევა. რა საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტრუმენტები, ან უშუალოდ ბანკების ინსტრუმენტები არსებობს, რომ დაეხმაროს ინვესტორს რისკების დაზღვევაში. ყველანი ამ მიმართებით პოზიტიურად ვართ განწყობილნი”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების განხილვაა.

დღევანდელი მოლაპარაკებების პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გრძელდება.