ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ორ ქვეყანას შორის სესხის ხელშეკრულების ღონისძიებას ვაშინგტონში ესწრებოდნენ: დეივიდ ბოჰიგიანი OPIC-ის პრეზიდენტი/აღმასრულებელი დირექტორი; კენეტ ენჯელი OPIC-ის მმართველი დირექტორი; ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, PACE INTERNATIONAL-ის პრეზიდენტი სოსო დოლიძე, PACE GEORGIA-ს გენერალური დირექტორი ირაკლი თათეიშვილი და Wings & Freeman-ის წარმომადგენელი კარლო გოგინავა.
აღნიშნული თანხა წარმოადგენს OPIC-ის მიერ საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში ერთ ცალკეულ პროექტზე დამტკიცებულ უმსხვილეს სესხს. პროექტის მთლიანი ღირებულება 120 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ინვესტიციის პირველი ფაზის მოცულობა 93 მილიონი დოლარია, საიდანაც 50 მილიონი OPIC-ის მიერ არის გამოყოფილი.
ახალი, ულტრათანამედროვე ტერმინალი 25 ჰა მიწის ფართობზე განთავსდება. ნავსადგურის აკვატორია 12 მეტრამდე გაღრმავდება, რის შედეგადაც პორტი 253 მეტრამდე სიგრძისა და 50,000 ტონამდე ტვირთწარმოების გემების მიღებას შეძლებს.
„პეის ტერმინალის“ პროექტის დასრულების შემდეგ, ფოთის ახალ ნავსადგურში მოწყობილი, ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტისა და ტერმინალის კომპლექსი „პეის ჯგუფის“ საპორტო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გააძლიერებს. „პეის ჯგუფის“ ტვირთგამტარიანობა 2.5 მილიონი ტონით გაიზრდება და კომპანიის არსებული წლიური ტვირთბრუნვის მოცულობას თითქმის გააორმაგებს.
„პეის ტერმინალის“ პროექტის შედეგად, ფოთის ტერმინალი გახდება უნიკალური და მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს საკუთარი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება - აცხადებენ PACE GEORGIA-ში.
(R)