მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი, ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა

ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების - ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, წლევანდელ გამარჯვებულთა შორის ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტია.

როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ეს პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას – გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ევროპა დგას.

„ამ მემკვიდრეობის რესტავრაციამ განაპირობა ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლება მათი არამატერიალური მემკვიდრეობისა და კავკასიელი ხალხის ისტორიის შესახებ, რამაც, თავის მხრივ, წაახალისა მემკვიდრეობასთან მათი ურთიერთობის აღდგენა. პრიორიტეტად იქნა მიჩნეული ტრადიციული ხელოსნობის გაგრძელება, რაც უზრუნველყოფს მის სამომავლო შენარჩუნებას. მისასალმებელია რეაბილიტაციის გზაზე მრავალი გამოწვევის, მათ შორის, რთული რელიეფისა და ინფრატრუქტურის სიმწირის დაძლევა“, - განაცხადეს ჟიურიში.

კონსერვაციის კატეგორიის ნომინანტებს შორის იყო: მონტრეი ბონის სასახლე, საფრანგეთი; ციხე-სოფელი მუცო, საქართველო; ქრისტეს სუდარის ტურინის კაპელა, იტალია; წმინდა ბავოს საკათედრო ტაძარი, ჰაარლემი, ჰოლანდია; დედოფალ ლუიზ ედიტის კომპლექსი, ზაბჟე, პოლონეთი; არქეოლოგიური ნაშთების გამოსაფენი პავილიონი, სელჟე, სლოვენია; ს’ჰოსტალის ქვის კარიერი, მენორკა, ესპანეთი; პარტალის სასახლის სამლოცველო, ალჰამბრა, გრენადა, ესპანეთი; დიდების კარიბჭე, სანტიაგო დე კომპოსტელა, ესპანეთი; შუა საუკუნეების ბეღელი, ინგატორფი, შვედეთი; ირ ისგვრინი, თრაუსფინიდი, უელსი, გაერთიანებული სამეფო.

ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას აღიარება 16 ქვეყნის 25 ლაურეატმა მოიპოვა ნომინაციებში - კონსერვაცია, კვლევა, განსაკუთრებული ღვაწლი, განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება. ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 29 ოქტომბერს, პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე, რომლის თანამასპინძლები არიან ევროკომისარი ტიბორ ნოვრაჩიჩი და მაესტრო პლასიდო დომინგო. ღონიძიება ორგანიზებულია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პატრონაჟით.

როგორც განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

2018 წელს დასრულდა რეაბილიტაციის მე-4 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. ასევე, აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც ფიქალის მშრალი წყობის მივიწყებული ტრადიციული ტექნიკა მეზობელი რეგიონის ქისტი ოსტატებისაგან აითვისეს.

ციხესოფელში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა არქიტექტურული ნაგებობების სტრუქტურული სტაბილურობა, რამაც საცხოვრისების ათვისების ხელსაყრელი შესაძლებლობები შექმნა. შენობები ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, რაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების - ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომუნიკაციების მოწესრიგებას გულისხმობს. კომპლექსის რეაბილიტაციის შემდგომ მუცოში გაჩნდა უკუმიგრაციისა და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძვლები. სოფელში მუდმივმაცხოვრებლად უკვე დასახლდა 3 ოჯახი. ეროვნულმა სააგენტოს მიერ მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ტერიტორიის ყოველდღიურ მართვას განახორციელებს.

მუცოს სარეაბილიტაციო პროცესის საწყისი 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ 2014-2015 წლებში 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ 1 მილიონ 215 ათასი ლარი მოიცვა.

სოფელი მუცო მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე. საუკუნეთა განმავლობაში ის წარმოადგენდა ჩრდილოეთ საქართველოს უძლიერეს ავან პოსტს, აკონტროლებდა გზებს და იცავდა სახელმწიფოს. სოფელი განფენილია კლდოვანი მთის სამნახევრად-ხელოვნურ ტერასაზე. შემორჩენილია 2-4 სართულიანი რამდენიმე ციხე-სახლი, კოშკები, თავდაცვითი კედლები, რამდენიმე სალოცავი და სამარხი.

მე-20 საუკუნის შუა ხანებისთვის მკაცრი კლიმატური პირობების, სახნავი მიწის სიმწირის, არასაკმარისი ინფრასტრუქტურისა და წყლის ნაკლებობის გამო სოფელი დაცარიელდა. თანდათანობითი დეგრადაცია და მოუვლელობა ამ უნიკალური სოფლის განადგურების წინაპირობა იყო. კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მუცოს კონსერვაცია წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რაც ძეგლის არქიტექტურის სტრუქტურული რღვევის პროცესს იწვევდა.