ჩვენ ბევრ დათმობაზე მივდივართ და ინვესტორებისა და კრედიტორებისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს ვქმნით, ვიდრე ეს დასაწყისში იყო, როცა ამ პროექტის იდეა გაჩნდა და გაფორმდა ხელშეკრულება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სამინისტროში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და ანაკლიის პორტის ინვესტორ საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, კრედიტორებს მოთხოვნების საკმაოდ დიდი სია აქვთ და სახელმწიფო თითქმის ყველა მიმართულებით მზად არის, რომ ხელი შეუწყოს.
"ეს ნიშნავს, რომ პირველადი სახით, რაც იყო ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ანაკლიის კონსორციუმს შორის ის გადაიხედება და მნიშვნელოვნად უმჯობესდება პროექტის და კრედიტორების სასარგებლოდ. ერთი პოზიცია, სადაც ჩვენ მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, ეს არის საკუთრივ ბიზნესის კომერციული რისკების დაზღვევა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. არსებულ პროგრამაში, რაც შეთანხმებული გვაქვს სავალუტო ფონდთან არ ითვალისწინებს, რომ სახელმწიფომ დამატებით აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში. მე მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი, მგონია, რომ მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი გახდება საჭირო, თუმცა პროგრესს ვხედავ და ამ პროგრესის ერთ-ერთი მამოძრავებელი არის სახელმწიფო“, -აცხადებს მაჭავარიანი.
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ანაკლიის პროექტი მომგებიანი და აქვს თუ არა ამ მიმართულებით თავად ფინანსთა მინისტრს კითხვები, ივანე მაჭავარიანის თქმით, გარკვეული კითხვები ამ მიმართულებით კრედიტორების ნაწილსაც აქვს.
"მსგავსი პოზიცია და კითხვები აქვს კრედიტორების ნაწილს და სწორედ ამიტომ ითხოვენ კომერციული რისკების დაზღვევას, რომ არ გრძნობენ სრულად კომფორტულად თავს იმ ბიზნესმოდელში, რომელიც არის. შესაბამისად, ამ მხრივ, ჩვენ წავედით წინ და ბევრ სხვადასხვა ტიპის რისკს ვუზღვევთ. თუმცა, ჩვენ ვერ ავიღებთ იმაზე მეტ რისკს, რაც სახელმწიფომ აიღო. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავიყვანოთ გზა, რკინიგზა, ჩვენი ვალდებულებაა მიწების გამოსყიდვაში დახმარება, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ასი მილიონი დაფინანსება გამოვყოთ, ეს ყველაფერი ძალაშია. თუ ამ პროექტის რისკის მნიშვნელოვანი წილის სახელმწიფოზე გადმოტანა მოხდა, მაშინ სადღაა კომერციული კომპონენტი და კერძო ინიციატივა. მაშინ ჩვეულებრივად, როგორც ვაკეთებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ გზას -ამ პროექტს უნდა გავუტოლოთ და ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. მთლიანად ცვლის იმ ფილოსოფიას, რის მიხდვითაც დასაწყისში მოხდა ამ პროექტის (ანაკლიის) ინიცირება. ამ ეტაპზე ვთქვით, რომ ბევრ რამეში დავეხმარებით, თუმცა ძირეულ და ფუნდამენტურ ცვილებას არ მივესალმებით“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.