გზასთან და რკინიგზასთან დაკავშირებით კითხვები არც არსებობდა არასდროს. გზა და რკინიგზა არის ყველაზე ნაკლები პრობლემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურისა დაა მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ფინანსთა სამინისტროში, მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
კითხვაზე, რა ეტაპზეა ანაკლიასთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მინისტრი განმარტავს, რომ პროექტირება მიმდინარეობს და თუ სახელმწიფო დროულად ვერ შეასრულებს ამ ვალდებულებას, ინვესტორს ზიანს აუნაზღაურებს, თუმცა ეს პროექტთან დაკავშირებით „ყველაზე ნაკლები პრობლემაა“.
„გზასთან და რკინიგზასთან დაკავშირებით ჩვენ პროექტირების პროცესში ვართ. უშუალოდ გზების დეპარტამენტს აქვს გაფორმებული ავსტრალიურ კომპანიასთან ხელშეკრულება გზის პროექტირებასთან დაკავშირებით. ინვესტორების მხრიდან გზასთან მიმართებაში მოთხოვნები, სადაც სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი ინვესტორს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დროულად ვერ შეძლებს ამ ინფრასტრუქტურის უზრუნვლყოფას, ამაზე ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არის შესაძლებელი და ახლაც ამას ვადასტურებთ. შესაბამისად, გზასთან და რკინიგზასთან დაკავშირებით კითხვები არც არსებობდა არასდროს არც ჩვენი, არც ინვესტორების და არც ბანკების მხრიდან. ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია, რომელსაც განვიხილავთ, მაგრამ როგორც ადრე არაერთხელ აღვნიშნეთ, გზა და რკინიგზა არის ყველაზე ნაკლები პრობლემა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების განხილვაა. დღევანდელი მოლაპარაკებების პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გრძელდება