რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ლარის კურსის რყევას სახელმწიფო შესყიდვებზე?

გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში ლარის კურსის რყევამ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის რისკები წარმოშვა.

კერძოდ, საუბარია, კომპანიებზე, რომლებსაც ხელშეკრულებები ლარში აქვთ გაფორმებული, ხოლო პროდუქციის იმპორტს უცხოურ ვალუტაში ახორციელებენ.

კავშირის განცხადებით, მათი დაკვირვებით მსგავს სიტუაციაში კომპანიები ზოგჯერ თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისგან, ვიდრე კურსი არ დასტაბილურდება. ეს ფაქტორი კი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვებზე და ამცირებს კონკურენციას.

„მოვუწოდებთ სახელმწიფო შემსყიდველებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და არ გამოიჩინონ ხისტი დამოკიდებულება მიმწოდებლების მიმართ. საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, რის უფლებასაც მათ არსებული კანონმდებლობა აძლევს. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-მდე ოდენობით.

თავის მხრივ, თუ მიმწოდებლებს, კურსის ცვლილების გამო, წარმოექმნათ მნიშვნელოვანი ოდენობის გაუთვალისწინებელი ხარჯი და რისი დასაბუთებაც შესაძლებელია დოკუმენტურად, მათ უფლება აქვთ მიმართონ შემსყიდველს ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების შესახებ. გადასახადის გადამხდელთა კავშირი მზად არის კონსულტაცია გაუწიოს მიმწოდებელ კომპანიებს,“-აღნიშნულია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

თაია არდოტელი