საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი, ქართველ მეწარმე ქალებს შეხვდა, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნინო ზამბახიძეს.
ფერმერთა ასოციაციის ცნობით, ქალ მეწარმეებსა და კრისტიან ლაგარდს შორის შეხვედრა ორი საათი მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემები, რაც ხელს უშლის ქალ მეწარმეებს უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები ეკონომიკაში.
შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დასახელდა. ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ქალებს თავიანთ სახელზე არ აქვთ უძრავ-მოძრავი ქონება ან რაიმე მატერიალური სარგებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესის დასაწყებად. თავის მხრივ, ქალმა მეწარმეებმა ამის მიზეზად ის სტერეოტიპული მიდგომები დაასახელეს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ბიზნესში ჩართულ ქალებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საკითხი, რაც შეხვედრაზე დაისვა, განათლების პრობლემა იყო.
„შეხვედრისას საუბარი იყო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და განათლების საკითხებზე. განათლება უნდა დაიწყოს სკოლამდელი ბავშვებიდან, რათა შემდგომ ფართო ხედვა ჰქონდეთ, რა მიმართულებით უნდათ განვითარება. კრისტინ ლაგარდის ხედვა იყო, რომ თუ გვინდა ჩვენ გვქონდეს დემოკრატიული ქვეყანა, მნიშვნელოვანია იყოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა,“ -აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.
ამასთანავე, მეწარმეებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ შემუშავდეს ერთიანი სტრატეგია, სადაც გაიწერება, თუ როგორ უნდა გახდნენ ქალი მეწარმეები უფრო მეტად ჩართულები ეკონომიკაში. კრისტიან ლაგარდმა გამოთქვა მზადყოფნა ქალი მეწარმეების დასახმარებლად, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ გასცეს რეკომენდაციები შეხვედრაზე დასმული საკითხის თაობაზე.