შემოსავლების სამსახურმა Massimo Dutti-ის ყალბი საქონელი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

მათივე ცნობით, კერძოდ, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის დროს 11 970 ლარის ღირებულების საქონელზე არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და არ გამოიწერა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები. შესაბამისად, მეწარმეს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია. ამასთანავე, ინვენტარიზაციის პროცედურის დროს ობიექტში, ფაქტობრივად, აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი ამოღებული იქნა სამოქალაქო ბრუნვიდან, ხოლო, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.