Massimo Dutti-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში ყალბი პროდუქციის ამოღებაზე განმარტებას აკეთებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ თბილისში უკანონოდ ნიშანდებული საქონლის ამოღების შესახებ გამოიწვია მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს, განვაცხადოთ, რომ ყალბი პროდუქციის ამოღება არ მომხდარა Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან, არამედ შემთხვევა ეხებოდა ერთ-ერთი ინდმეწარმის ლილოში მდებარე საწარმოს, სადაც ხდებოდა ყალბი პროდუქციის კერვა, ეტიკეტირება და რეალიზაცია. ფაქტის გამოვლენის შემდეგ საქართველოში Massimo Dutti-ს წარმომადგენლობამ თავად მიმართა წერილობით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და სთხოვა რეაგირება, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა მოახდინა ინდმეწარმის მიერ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტის დადგენა და ყალბი პროდუქციის კონფისკაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში „მასსიმო დუტის“ (Massimo Dutti) წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე კონტროლის ღონისძიებები განხორციელდა, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს.
თბილისში Massimo Dutti-ს პირველი მაღაზია 2012 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი თბილისში სამ მაღაზიას ფლობს. სამივე მაღაზია წარმოადგენს ბრენდის ოფიციალურ ფრანჩაიზ ობიექტს და მათ ოპერირებას უწევს Master Retail Georgia, მოდის საცალო ვაჭრობის საერთაშორისო ჯგუფ Alhokair Fashion Retail-ს წევრი.