ანაკლიის პორტის პროექტი კომერციულად გამართულია, ტვირთბრუნვის პროგნოზიც ძალიან დადებითია,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მთავრობის წარმომადგენლებს, პორტის ინვესტორებსა და კონსორციუმს შორის გამართული შეხვედრის დასრულებისას განუცხადა.
„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, იმ ფონზე, რომ ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები აცხადებენ, რომ მთავრობა პროექტის კომერციულ რისკებს არ დააზღვევს, როგორია კონსორციუმის პოზიცია და შეფასებები პროექტის კომერციულ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ახვლედიანი განმარტავს, რომ ანაკლიის პორტი კომერციულად გამართული პროექტია.
"ანაკლიის პორტის პროექტი კომერციულად გამართულია, ტვირთბრუნვის პროგნოზიც ძალიან დადებითია. აქ არის საუბარი გარკვეულ რისკებზე, რომელიც დადებით თუ უარყოფით პროგნოზებთან კავშირში არ არის. ეს არის რისკი, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აფასებენ, მათთვის მნიშვნელოვანია ტრაფიკის რისკის მიტიგაცია მოხდეს და ეს რისკი იყოს მათთვის, როგორც ინვესტორი ბანკებისთვის და არა კონსორციუმისთვის, დაზღვეული,"-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.