ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ანაკლიის პროექტის საინვესტიციო ხელშეკრულებაზე - ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა არ მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე

არსებული პროგნოზებით, საქართველოს აქვს ტვირთების მოზიდვის პოტენციალი, ოღონდ ეს უკვე ბიუჯეტის და თითოეული მოქალაქის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა არ მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ კაციამ სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, ტვირთბრუნვის დადებითი პროგნოზის მიუხედავად, რატომ ამბობს უარს მთავრობა კომერციული რისკების დაზღვევაზე, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სახელმწიფო არცერთ პროექტში არ აზღვევს მსგავს რისკებს და თავიდანვე იყო სურვილი, რომ ეს რისკები კერძო ინვესტორის მიერ ყოფილიყო დაზღვეული.

„დღეს სახელმწიფო არცერთ კომერციულ საქმიანობაში არ არის ჩართული პირდაპირ და არ ახდენს კომერციული რისკების დაფარვას, შესაბამისად, როდესაც ტენდერი გამოცხადდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სახელმწიფოს სურვილი ჰქონდა, რომ შემოსულიყო კომპანიები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებდნენ კომერციულ ოპერატორობას, კომერციული ტვირთების მოზიდვას. არსებული პროგნოზებით, საქართველოს აქვს ტვირთების მოზიდვის პოტენციალი, ოღონდ ეს უკვე ბიუჯეტის და თითოეული მოქალაქის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა არ მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე. ამ ტვირთების კერძო სექტორისთვის გარანტირებულად არსებობა არ მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე და მოვძებნოთ სხვა გზები და მექანიზმები, რომელიც არ დააწვება ბიუჯეტს“, - აცხადებს გრიგოლ კაცია.