Amazon-ის პლატფორმა AWS-ზე ინსტაგრამის 49 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების ღია ბაზები აღმოაჩინეს. მათ შორის იყო ცნობილი ადამიანებისა და სხვადასხვა ბრენდების ექაუნთები.
ბაზებში არსებული მონაცემები მოიცავდა არა მხოლოდ სოციალური ქსელის პროფილზე არსებულ ყველასთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, არამედ ელექტრონულ მისამართებს, ტელეფონის ნომრებსა და ექაუნთზე განსათავსებელი რეკლამის ღირებულებასაც კი - წერს TechCrunch.
მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა ჩანაწერი ყოველი ანგარიშის ღირებულების შეფასებასაც მოიცავდა, რომელიც დაანგარიშებული იყო ფოლოვერების რაოდენობის, ჩართულობისა და აუდიტორიის გათვალისწინებით, ასევე მოწონებული და გაზიარებული პოსტების რაოდენობის მიხედვით.
ინსტაგრამში განაცხადეს, რომ ცდილობენ იმის გარკვევას, თუ საიდან მოხვდა ბაზაში აღნიშნული მონაცემები.
TechCrunch-ის ჟურნალისტებმა ბაზაში რამდენიმე პოპულარული ბლოგერი და ცნობილი ადამიანიც იპოვეს. რეპორტიორები რამდენიმე ბლოგერს დაუკავშირდნენ და მათი პირადი მონაცემები მიაწოდეს. ბლოგერებმა დაადასტურეს, რომ ბაზაში არსებული ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი მათ ეკუთვნით.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა