ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნების მიწისქვეშ განთავსების შემდეგ, „თბილისერვის ჯგუფს“ სპეციალური ტექნიკის შეძენა მოუწევს.
როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ლევან ჟღარკავამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ნაგავმზიდი ავტომანქანები, რომელიც ახლა თბილისს ემსახურება, საპილოტე პროექტის განხორციელებისთვის გამოუსადეგარია.
„როგორც იცით, იწყება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგვევალა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება. ეს პირველ რიგში, ვიზუალურად არის მოწესრიგებული და კომპანიის ხარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავს, რადგან კონტეინერების მიწის ქვეშ განთავსებული კონტეინერი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დღეს არის. გადავხედავთ კომპანიის და მუნიციპალურ ხარჯებს და ვფიქრობთ, ამ პროექტს გავაგრძელებთ. პირველ რიგში, შევისწავლით როტაციას და გავაკეთებთ პროექტირებას. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეპარაციის ნაწილი, რადგან მოგეხსენებათ, ვდგევართ ვალდებულების წინაშე, რომელიც უნდა დავნერგოთ დედაქალაქში. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხაზე მას შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რაც პროექტი შემუშავდება“, - განაცხადა ჯღარკავამ.
რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადას, ის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში დასრულდება.
„ამ კონტეინერებს მოემსახურება სპეციალური ტექნიკა, რადგან არსებული ნაგავშემკრები მანქანები ვერ მოემსახურება განსხვავებული სპეციფიკის გამო. ვგეგმავთ ნარჩენების ახალი მანქანის შეძენას“, - განაცხადა ჯღარკავამ.