არასაკმარისი ფინანსური რესურსები კვალიფიციური კადრების გადინების ერთ-ერთ მიზეზად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
გოგიტა თოდრაძის თქმით, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომელიც ფინანსური რესურსის სიმწირით არის გამოწვეული.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონი არის გადასახედი და შესაბამისობაში მოსაყვანი გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ზოგადად კანონთან.
„მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადმინისტრაციულ მონაცემთა ხარისხი და მისი გამოყენება სტატისტიკური მიზნებისთვის. არასაკმარისი რესურსები ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გვიანდება ეროვნულ ანგარიშთა ახალ სისტემაზე გადასვლა და ახალი საერთაშორისო კლასიფიკაციების დანერგვა.
ამ პირობებში საკმაოდ რთულია შევინარჩუნოთ, ან დავაინტერესოთ ჩვენთან მუშაობით მაღალკვალიფიციური კადრები. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას IT-მიმართულებაზე.
შეზღუდული რესურსების პირობებში, ხშირ შემთხვევაში მოკლებული ვართ შესაძლებლობას ოპერატიულად ჩავატაროთ დამატებითი კვლევები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია გავაუმჯობესოთ არსებული მონაცემების ხარისხი, გავზარდოთ შერჩევის მოცულობა და დავახასიათოთ მონაცემები უფრო მეტი დეტალიზაციით“, -განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.