„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ასახელებს.
„არჩევნებზე ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, პირველი იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო. ჩვენ ვიცით, რომ ყველა პროდუქტს, რაც არჩევნებს სჭირდება, ეს იქნება ქაღალდი თუ ა.შ., თანხა სჭირდება. ამაზე დაიხარჯა დიდი რაოდენობით ლარი, დიდი მოცულობის მასა კი იწვევს გაუფასურებას.
გარდა ამისა, იცით, რომ არჩევნები ძირითადად რეგიონებში ჩატარდა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობდა და ხალხი ამოდიოდა საკუთარი ნაკვეთებიდან. იქ ახლა ვიღაცას წამალი აქვს საყიდელი და იმისთვის 150 და 200 ლარი, რაც მისცეს, საკმაოდ სერიოზული ფულია იმ პირობებში, როცა ხელისუფლება არ ეხმარება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
მისივე თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე „ეჭვს იწვევს საარჩევნო ურნაში ჩაგდებული კონვერტები, სადაც 2 ბიულეტენიდან ერთზე - 5-იანი იყო შემოხაზული და მეორეზე - 41. ასევე ის, რომ ამ არჩევნებზე „ოცნებამ“ იმ უბნებში მიიღო 80%, სადაც ადრე ყოველთვის აგებდა და „ნაციონალური მოძრაობა იგებდა“.