სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა სავარაუდოდ, მალე გაიყიდება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გაყიდვასთან დაკავშირებულ პროცესებში ეკონომიკის სამინისტროა ჩართული და სავარაუდოდ, შენობა მალე გაიყიდება, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ირინა ფუტკარაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისის სხვა ტერიტორიაზე გადატანასთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართა და მოითხოვა პასუხი, თუ რა სიახლეებია აღნიშნული მიმართულებით.

ირინა ფუტკარაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ოფისის მშენებლობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე იგეგმება.

„იცით, რომ ჩვენი მენეჯმენტი მერიისგან ელოდება კონკრეტულ ნებართვას. იქ უკვე მცენარეების გადატანა და სხვა ტექნიკური საკითხები არის შესათანხმებელი. რამდენადაც გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია, ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, არსებული ტელე-რადიო მაუწყებლობის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, მალე უნდა გაიყიდოს ეს შენობა. შემდეგ უკვე დაიწყება მშენებლობა და ამასობაში ყველა საბუთი გვექნება ხელთ“,-განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

რომან გოცირიძის კითხვაზე, თუ რა ფინანსური რესურსით მოახერხებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი შენობის მშენებლობას, ირინა ფუტკარაძე პასუხობს, რომ ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ არსებული გაიყიდება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ოფისის აშენება სწორედ ძველის გაყიდვიდან შესული თანხებით იგეგმება.