კრისტინ ლაგარდის ჩამოსვლა თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს იმ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს,- ასე აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის პირველ სამუშაო ვიზიტს საქართველოში.
კობა გვენეტაძე კრისტინ ლაგარდის ორდღიან ვიზიტს აჯამებს და სსფ-ს დირექტორის იმ ძირითად გზავნილებზე საუბრობს, რომლებიც სებ-ის პოლიტიკას უკავშირდება.
„სწორედ ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები არის სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის საფუძველი.
გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს კრისტინ ლაგარდის გამოსვლიდან, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება: მნიშნელოვანია პროგრესი, რაც საბანკო კრედიტის გაცემის სტანდატრების გამკაცრებას მოჰყვა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გრძელვადიანი სესხების მდგრადი ზრდის ტენდენციის შესანარჩუნებლად, რაც კარგია საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის. საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბანკების მდგრადობის გაძლიერებისა და ფინანსური განათლების ამაღლების მხრივ. საქართველოს ეკონომიკა მოწყვლადია მნიშვნელოვანი პოტენციური შოკების მიმართ, როგორებიცაა ფინანსური ბაზრების არასტაბილურობა და სავაჭრო მერყეობა. სახელმწიფოს რისკებისგან დაზღვევა შეუძლია შემდეგი კომპლექსური ღონისძიებებით: გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებისა და უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდით დაწყებული, გონივრული ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიტის გატარებით დამთავრებული. დოლარიზაციამ მრავალი ფირმის და ოჯახის ფინანსური მდგრადობა შეარყია გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილებების ფონზე,“- წერს კობა გვენეტაძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, კრისტინ ლაგარდი საქართველოს 19-21 მაისს სტუმრობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, სტუდენტებს, ახალგაზრდა მეწარმეებს და ლიდერ ქალბატონებს შეხვდა.