მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება.
ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ დაახლოებით 2 მილიარდის სამედიცინო სერვისი შევთავაზოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის - AMEE-ს რეგიონული წარმომადგენლობის - საქართველოში AMEE საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლობის ცენტრის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ სამედიცინო განათლების მნიშვნელობაზე და სფეროს განვითარების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული იდეა დღეს განათლებაა, რადგან სწორედ ის არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანას წარმატებისთვის მყარი გარანტიები ჰქონდეს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, რაც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო ეფექტურად იყოს ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, AMEE-ის მხოლოდ ორი რეგიონული ცენტრი აქვს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მესამე იქნება, რომელიც რეგიონის გარდა ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს დაფარავს.
"მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ისტორიული როლი და ამაში პირველ რიგში საგანმანათლებლო კერის როლს ვგულისხმობ. ეს არის ის, რაც საქართველოს ისტორიულად ჰქონდა და ეს არის ის, რითაც თითოეული ქართველი გამსაკუთრებით ამაყობს. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას - ცენტრის გახნას წმინდა პრაგმატული მომენტებიდან გამომდინარე, ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ემოციური დატვირთვაც. ამასთან ერთად, მე ვფიქრობ, ეს არის აღიარება იმ რეფორმების, ახალი მიდგომების, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო განათლებაზე, აქ უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობთ ნოვატორულ მიდგომებს. ეს არის სფერო, რომელიც მსოფლიოში ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვითარდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამარტო ჩამოვრჩეთ ამ ტემპს, არამედ ვიყოთ ყველაზე უფრო წარმატებულები და გაბედულები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის სამედიცინო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ამავე დროს სამედიცინო სფერო მომავლის ორიენტირია.
"ჩვენ იმ სამედიცინო პროფესიების იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რომელზეც დღეს არის მოთხოვნა და რომელზეც მოთხოვნა გაიზრდება ათი წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ, სამედიცინო უნივერისტეტს განსაკუთრებული დატვირთვა და პასუხისმგებლობა აქვს: ერთი მხრივ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ეკონომიკის მომარაგება ისეთი პროფესიონალებით, რომლებიც საშუალებას მოგვცემს საქართველოში ძალიან წარმატებული სამედიცინო სფერო შევქმნათ, რომლითაც არამხოლოდ საქართველო იამაყებს, არამედ ის გახდება ხარისხის გარანტი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამ ნაბიჯის განხორციელება თითოეულ ჩვენთაგანს კიდევ უფრო გაუადვილდება.
მე ძალიან ბევრი კრიტიკაც მომისმენია ჩემი ინიციატივის, რომლის მიხედითაც, ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი განათლებისკენ უნდა მივმართოთ და რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ სიღარიბეს ებრძვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც გადაგვიდგამს ჩვენ დამოუკიდებლობის დღიდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.