რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გაფიცვა, მით უფრო დიდი იქნება ის დარტყმა, რასაც საქართველოს ეკონომიკა მიიღებს, - ამის შესახებ „ჯორჯია მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღაროელების გაფიცვა არის უკანონო, რადგან კომპანიამ ხელფასის 25%-იანი ზრდა შესთავაზა გაფიცულებს.
„თავდაპირველად მოთხოვნილი იყო ხელფასის 50% ზრდა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და არაადეკვატურია. ჩვენ მზად ვიყავით 25%-იანი ზრდა შეგვეთავაზებინა, რისი შეთავაზებაც მოხდა, მაგრამ ჩვენ ამ წინადადებაზე მივიღეთ უარი”, - განაცხადა ლომინაძემ.
ასევე, კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, კომპანიაში შეჩერებულია საწარმოო პროცესი, რაც ყოველდღიურად მილიონი ლარის ზარალს წარმოადგენს, ხოლო ქვეყნისთვის ეს არის ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება, რაც მისივე თქმით, დიდი დარტყმაა ეკონომიკისთვის.
„არ იქნა გამოყოფილი გაფიცულთა მხრიდან ის ჯგუფი, რომელიც ჩვენთან იმუშავებდა.
კომპანიაში (ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომპანია) ახლა გაჩერებულია საწარმოო პროცესი, არცერთი ქვედანაყოფი არ მუშაობს. ჩვენი იურისტები უკვე ამზადებენ იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა და სამართლებრივი პროცესის დაწყება.
კომპანიაში დასაქმებულია 3200 ადამიანი, მათი საშუალო ხელფასია 1000 ლარი. ხელფასის გარდა, ისინი სარგებლობენ დაზღვევით (მათი ოჯახის წევრებისთვისაც), ხორციელდება მათი სამუშაო ადგილზე გადაყვანა, სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში და კვებით უზრუნველყოფა. კვებითი პრობლემა მოგვარებულია, მოხდა შეცვლა საკვებით მომმარაგებელი კომპანიის, მუნიციპალიტეტთან მოხდა ასევე შეთანხმება, რომ კომპანიის მძიმე მანქანები არ გადაადგილდნენ ქალაქში.
წინასწარი გათვლებით ყოველდღიური ზარალი არის მილიონი ლარი, ქვეყნისთვის ეს გახლავთ ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება და ვფიქრობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო დიდი იქნება ის დარტყმა, რასაც საქართველოს ეკონომიკა მიიღებს“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.