იაპონურმა კორპორაციამ Panasonic-მა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ყველანაირი ტიპის თანამშრომლობა ჩინურ კომპანია Huawei-სთან. ამის შესახებ სააგენტო „კიოდო“ იუწყება.
როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ამერიკული კომპანიებისთვის Huawei-ისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების აკრძალვასთან. Panasonic-ი კი თავის მხრივ, ჩინურ კომპანიას სხვადასხვა ელექტრონულ მაკომპლექტებლებს აწვდიდა.
შეგახსენებთ, 15 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა შტატებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით უცხოური საფრთხეებისგან. მოგვიანებით კი, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ჩინური კომპანია Huawei და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირები შეიყვანოს შავ სიაში ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველობის საბაბით. ეს გადაწყვეტილება 17 მაისს ამოქმედდა.