აშშ სამხრეთ კორეული ბიზნესისგან ითხოვს, რომ მანაც ამერიკულის მსგავსად ჩინური კომპანია Huawei-ის ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებაზე უარი თქვას. ამის შესახებ გამოცემა „ჩასუნ ილბო“ სეულში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა მიუთითებს, რომ შტატებმა მოითხოვა სამხრეთ კორეისგან აკრძალოს საკუთარ ქვეყანაში Huawei-ის მიერ წარმოებული აპარატურის გამოყენება მობილურ კავშირებში, ისეთი ტერიტორიების სიახლოვეს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული.
გაზეთის ცნობით, სამხრეთ კორეის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ხელისუფლება ვერ ჩაერევა ბიზნესის საქმიანობაში. ამავე წყაროს ცნობით, Huawei-ის პროდუქციის იმპორტის აკრძალვით სამხრეთ კორეული ბიზნესი რამდენიმე მილიარდით დაზარალდება.
როგორც ცნობილია, ოთხშაბათს სამმა მთავარმა იაპონურმა მობილურმა ოპერატორმა კომპანიამ - NTT Docomo, SoftBank და KDDI განაცხადეს, რომ უარს ამბობენ Huawei-ის პროდუქციის გაყიდვაზე.