დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი 14 მისამართზე განახორციელა.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, სამუშაოების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხუთ მისამართზე ამორტიზებული წყალარინებისა და წყლის ქსელის რეაბილიტაცია უზრუნველყო.
„დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსსა და ქურდიანის ქუჩის N7-ში კი დაზიანებული კიბეები აღდგა. ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-7 კორპუსისა და სამტრედიის ქუჩის N6 კორპუსის სადარბაზოებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. საცხოვრებელი შენობის ქანობიანი სახურავები შეიცვალა გორის ქუჩის N31-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 22-ე კორპუსში.
აკაკი წერეთლის გამზირის კორპუსი N13-ის, აბასთუმნის ქუჩის N8-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ მისამართებზე ასევე, შეიცვალა დაზიანებული ლიფტები. აღნიშნული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 258 058 ლარი გამოიყო“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო 25 ობიექტზე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.