ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე „ლუფთანზას“ ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე ავიაკომპანია „ლუფთანზას“ ვიცე პრეზიდენტს, შტეფან კრუცპეინტნერს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა, შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო გემებს, რომელბიც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

„მოხარული ვარ, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ლუფთანზას“ ვიცე-პრეზიდენტთან, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და არსებული საქმიანობის გაზრდის პერსპექტივები. დავსახეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც ძალიან მალე, კარგად აისახება და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ტურისტული ნაკადებისთვის და იმ სტრატეგიისთვის, რაც საქართველოს მთავრობას აქვს არჩეული და მიზანმიმართულად ავითარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ალავიძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ უდიდეს კომპანიასთან თანამშრომლობა ჩვენი ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ლუფთანზა“ 14 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს, არის ერთ-ერთი ლიდერი, გადამყვანი საავიაციო კომპანია. ჩვენთვის სტრატეგიული და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით გაზრდილ როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნესნაკადებს, რომელთა უმეტესობას სწორედ კომპანია „ლუფთანზა“ ემსახურება“, - აღნიშნა ალავიძემ.

„ლუფთანზას“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, სადაც ნათლად იყო წარმოდგენილი ბაზრის თავისებურებები და ის სეგმენტები, რომელიც კომპანიისთვის შეიძლება საინტერესო იყოს როგორც ბიზნესის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის.

„საქართველოში ჩემს ვიზიტს სამი მიზანი აქვს: ეს არის სტრატეგიის დასახვა, ასევე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან შეხვედრების გზით მიღწევების უკეთ გაცნობა და მესამე - პოტენციური სავაჭრო პარტნიორების გაცნობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შტეფან კრუცპეინტნერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.