უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ - ბახტაძე ლარის კურსზე

როგორც ჩანს, ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ლარის კურსზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, ლარის კურსზე გავლენას მეზობელი ქვეყნების ეკონომიკები ახდენს.

„მე ბუნებრივია, მაქვს ანალიტიკური მონაცემები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ლარის კურსს შეეხება. ჩვენ გვაქვს მცირე ეკონომიკის ქვეყანა და ბუნებრივია, მეზობელი ქვეყნები თავისი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში. ექსპორტის მაჩვენებლი არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება. აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე. თუმცაღა, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელსაც ადგილი აქვს თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია, თავისი გავლენა იქონია. იქედან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მდგრადი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც იგივე დაადასტურა, აქედან გამომდინარე, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის მოკლევადიანი ასახვა. ზოგადად, ასეთ საკითხს ჩვენ სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან უნდა ვუყუროთ. ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იყოს ადვილად მოწყვლადი. საქართველო არის იმ რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რიკების ან მცირე შოკების საფრთხე. სწორედ ამისთვის დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქე გაცვლით კურსზე. იყო პერიოდი საქართველოში, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო უმაღლეს წერტილში და, რა თქმა უნდა, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი და მეორე, ეს გახლავთ სავაჭრო დეფიციტი, ეს არის აქილევსის ქუსლი ჩვენი ეკონომიკის. რამდენიმე წლის წინ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საქართველოში შეადგენდა თითქმის 13%-ს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მსოფლიოში. ჩვენ შევძელით და ეს მაჩვენებელი გავანახევრეთ“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს გააკეთოს მაქსიმალური დივერსიფიკაცია საექსპორტო საქონლის და იყოს ორიენტირებული ევროკავშირის ბაზარზე.

„ორიენტირება ექსპორტზე, ორიენტირება მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე და რაც მთავარია, ლარიზაციაზე არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების გავლენაზე ეკონომიკაზე. ვცდილობთ გავაკეთოთ მაქსიმალური დივერსიფიკაცია ჩვენი საექსპორტო საქონლის, ვიყოთ ორიენტირებული ევროკავშირის ბაზარზე და სხვა შორეულ ბაზრებზე, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი. შესაბამისად, დასკვნაც არის ძალიან მარტივი, როგორც ჩანს, ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ“, - განაცხადა ბახტაძემ.